ისტორია

     საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია,  როგორც არასამთავრობო, არასამეწარმეო იურიდიული პირი, დაარსდა ქალაქ თბილისში 2004 წელს, სოციალური მუშაობის მაგისტრების მიერ, რომელთაც აკადემიური განათლება მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ,  კოლუმბიის უნივერსიტეტში ნიუ იორკსა და ვაშინგტონის უნივერსიტეტში სენტ ლუისში ამ უნივერსიტეტებისა და ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით. ასოციაცია პირველი მსგავსი ინიციატივაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ადვოკატობას სოციალურ მუშაკთა როლის მნიშვნელოვნებისა  და სოციალური მუშაობის კლიენტების დასაცავად. დღეისათვის ასოციაცია 600 წევრს აერთიანებს საქართველოში, რომელთაც აქვთ გამოცდილების შეძენისა და გაღრმავების საშუალება ასოციაციასთან თანამშრომლობით.
     ასოციაციის მისიაა საქართველოში მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვა და სოციალური მუშაობის პროფესიისა და პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია მიზნად ისახავს ეფექტიანი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული  სოციალური პოლიტიკის  ადვოკატობას. მიზნის მისაღწევად კი შემდეგ ამოცანებს:

  • შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
  • სოციალური მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული ექსპერტიზის მიწოდების გზით;
  • სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო ბაზის განვითარება (ფორმალური და არაფორმალური);
  • სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; სოციალურ მუშაკთა პროფესიული ქსელის განვითარება.
      2004 წლიდან ასოციაცია მუშაობს როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივ მთავრობასა და უნივერსიტეტებთან. მათთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ახდენს სოციალური მუშაობის როლის ადვოკატობას სოციალური დაცვის მექანიზმების განსახორციელებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური საცხოვრისი, ბავშვთა კეთილდღეობა, სამართლის სფერო და დანაშაულის პრევენცია, სკოლის სოციალური მუშაობა; ისეთ სამიზნე ჯგუფებთან, როგორიცაა მიუსაფარი და/ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, იძულებთ გადაადგილებული პირები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დამოკიდებულებების მქონე პირები. ამ სფეროებსა და ჯგუფებთან მუშაობა გულისხმობს მართვის, კოორდინაციის, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და კვლევით/ანალიტიკურ სამუშაოს.
      ასოციაცია პერიოდულად ახორციელებს მოხალისეობრივ საქმიანობას. ასოციაციის ენთუზიასტი მოხალისეები ცდილობენ კონკრეტული საჭიროებების მქონე პირებს და ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს მხარდაჭერის მიზნით შეეხიდონ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში.
  ასოციაცია არის სფეროში ღვაწლმოსილი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, როგორიცაა სოციალური მუშაობის საერთაშორისო ფედერაცია, სოციალური კეთილდღეობის საერთაშორისო საბჭო და სხვა....