სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე

ყოველი წლის 20 თებერვალს აღინიშნება სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე. ამ დღის თემაა: სოციალური სამართლიანობის მიღწევა ფორმალური/ოფიციალური დასაქმების გზით.

მსოფლიოში დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი (60%), მათ შორის ქალები, ახალგაზრდები და მამაკაცები არაფორმალური დასაქმების გზით მოიპოვებენ საარსებო შემოსავალს. COVID-19-მა  კიდევ ერთხელ გამოკვეთა და ხაზი გაუსვა არაფორმალურად დასაქმებული პირების გამოწვევებს. არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებს ხშირად არ გააჩნიათ სოციალური დაცვა, გარკვეული სახის შეღავათები, უფრო მეტად დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ოფიციალურად დასაქმებული პირები და ა.შ., რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით (United Nations).

ფორმალურ დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობა აუცილებელი პირობაა სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად, ღირსეული სამუშაო პირობების და წინსვლისთვის, საწარმოების პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაზრდისა და მთავრობის მოქმედების სფეროს გაფართოებისთვის, განსაკუთრებით კი კრიზისის პერიოდში.

მნიშვნელოვანია, მოხდეს ეფექტური ჩარევები და სტრატეგიების შემუშავება, რათა გაიზარდოს ფორმალურად დასაქმებულ პირთა რიცხვი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ხელი მიუწვდებოდეთ სხვადასხვა მომსახურებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ამასთან, გააძლიერებს დასაქმების ადგილს.

მნიშვნელოვანია დასაქმების პოლიტიკის  წახალისება, დაბრკოლებების იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და სწორი გზით განვითარება. COVID-19 კრიზისის კონტექსტში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფორმალური სამუშაო ადგილების არაფორმალიზაციის პრევენციას.

სოციალური მუშაკების როლი სოციალურ სამართლიანობაში არის ცვლილებების განხორციელება, განსაკუთრებით დაუცველ ინდივიდებთან და ჯგუფებთან  ან მათი სახელით. სოციალური მუშაკების მიერ ცვლილებების განხორციელება ძირითადად ორიენტირებულია სიღარიბის, უმუშევრობის, დისკრიმინაციისა და სოციალური უსამართლობის სხვა ფორმებზე. ეს ღონისძიებებო მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალური სამართლიანობის მიღწევას საჭირო ინფორმაციის, მომსახურებებისა და რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ასევე შესაძლებლობების თანასწორობით და ინდივიდების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობით.

სოციალური სამართლიანობის მიმართულებით მუშაობა არის ყველა სოციალური მუშაკის ძირითადი ეთიკური მოთხოვნა. სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსის პრეამბულაში ნათქვამია: „სოციალური მუშაკები ხელს უწყობენ სოციალურ სამართლიანობას და სოციალურ ცვლილებებს კლიენტებთან ერთად და მათი სახელით. სოციალური მუშაკები მგრძნობიარენი არიან კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ და ცდილობენ აღმოფხვრან დისკრიმინაცია, ჩაგვრა, სიღარიბე და სოციალური უსამართლობის სხვა ფორმები.” 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღის აღნიშვნას და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც შეამცირებენ სოციალურ უსამართლობასა და უთანასწორობას ფორმალიზებული სამუშაო პირობების შექმნით და დაფუძნებული იქნება ადამიანთა ძირეული უფლებების პატივისცემაზე.

დამატებითი ინფორმაცია