ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით, ქუჩაში გამოსვლით ლგბტქ+ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი) საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესებში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გააქტიურება.

შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღესდღეობით საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები სხვებთან თანასწორი და სრულყოფილი ცხოვრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ, რომელიც კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა გასულ წელს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებულმა მოვლენებმა.

ამასთან, თემის წევრების თავისუფლად ცხოვრების შანსები არსებითად შეზღუდულია ყველა უფლებრივ ჩარჩოსთან მიმართებით, კერძოდ: შეზღუდული აქვთ იდენტობის გამოხატვის შესაძლებლობა, განიცდიან სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, შეზღუდული აქვთ უფლება ღირსეულ სამუშაოზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე (არამხოლოდ განათლების ფიზიკურ და ფინანსურ მისაწვდომობაზე, არამედ ჯანსაღ გარემოსა და უსაფრთხო სივრცეზე), უსაფრთხოებაზე,  აგრეთვე, შეზღუდული აქვთ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება,  ადეკვატურ საცხოვრისსა და სოციალურ დაცვაზე ხელმისაწვდომობა.

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში შედარებით გაიზარდა ლგბტქ+ თემის ხილვადობა, შედარებით შემცირდა  დისკრინიმაციული განწყობები, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველიც მიუთითებს, თუმცა ლგბტქ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დაუცველია. ამას ართულებს სახელმწიფოს მხრიდან არათანმიმდევრული პოლიტიკა, სამართლებრივი უმოქმედობა, რომელიც ახალისებს ლგბტქ+ თემის წევრების მიმართ უთანასწორობას და მთელ რიგ მომსახურებებზე ხელმიუწვდომლობას.

სოციალური მუშაკების მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ლგბტქ+ თემის წევრების უფლებების და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით, როგორც მათთვის კონსულტირებისა და მომსახურებების მიწოდების, ასევე მათი უფლებების ადვოკატობის მიმართულებით.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს და მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობისა, აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის გარეშე. ადამიანთა უფლებები უნივერსალურია, შესაბამისად, არაფერი ამართლებს ადამიანის უფლებათა დარღვევას ნებისმიერი ჯგუფის, მათ შორის, ლგბტქ+ პირების მიმართ.

“Together: Resisting, supporting, healing"