გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1950 წლიდან აღინიშნება მთელს მსოფლიოში. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, სახელმწიფოს, მსოფლიოს ბავშვთა უფლებები, მათი დაცვის აუცილებლობა და ამ ფაქტთან ასოცირებული საკითხების შესახებ, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხაზს უსვამს ყველა ბავშვის უფლებას, იცხოვროს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.

1 ივნისი სხვადასხვა აქტივობებითა და ღონისძიებით აღინიშნება, თუმცა მიუხედავად ამისა მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ბავშვს უწევს ურთულეს პირობებში ცხოვრება. განსაკუთრებით დღეს მიმდინარე უკრაინის ომის პირობებში, სადაც უამრავმა ბავშვმა თავის  თავზე გამოსცადა და ნახა ომის საშინელი შედეგები და დღესაც უწევთ  ამ მძიმე მდგომარეობაში ყოფნა. ამასთან, საომარ მოქმედებებს ასობით უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბევრი მათგანი დაშავდა, დაობლდა, იძულებულები გახდნენ თვეების განმავლობაში, თავის გადასარჩენად ყოფილიყვნენ მიწისქვეშა თავშესაფრებში ან დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ბავშვების მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნა, რომ საქართველოშიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან ბავშვები, რომელთა შორისაა ბავშვთა სიღარიბე და რომელიც ყოველ წლიურად სულ უფრო იზრდება. სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით ბავშვთა სიღარიბე ბოლო წელთან შედარებით 28%-ითაა გაზრდილი. მოცემული სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არასრულწლოვანთა რიცხვმა 235 252 შეადგინა (2022, საქართველოს სახალხო დამცველი).

კვლავ საყურადღებოა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა, რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოსთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს ბავშვები ვერ ახერხებენ ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმოადგენენ მნიშვნელოვნად მოწყვლად ჯგუფს ქვეყანაში. ისინი არ არიან დაცულები ძალადობისგან, ტრეფიკინგისგან, ვერ იღებენ განათლებას და არ მიუწვდებათ ხელი ეფექტიან ჯანდაცვის მომსახურებებზე.

არსებობს დოკუმენტები, რომელიც იცავს ბავშვებს და ზრუნავს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, როგორიცაა „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, თუმცა, როგორც საერთო სურათიდან ირკვევა, ეს მექანიზმები არასაკმარისია საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებებისა ცვლილების გარეშე. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა და უსაფრთხოება მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში. ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებელი ორგანოების მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე. ბავშვის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება.

აგრეთვე, უნდა ითქვას, რომ გასულ წელს განხორციელდა რამდენიმე ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციის დახურვა, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებათა მთავარ პრინციპებს და  მთელი ცხოვრების განმავლობაში წარუშლელ კვალს ტოვებს მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში. თუმცა, დღეისათვის მაინც ფუნქციონირებს რამდენიმე მსგავსი ტიპის დაწესებულება და იმედს ვიტოვებთ, რომ უმოკლეს პერიოდში დაიწყება მათი დეინსტიტუციონალიზაცია და სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული ფორმები, კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ბავშვთა კეთილდღეობაზე.

სოციალურ მუშაკებს უდიდესი როლი გვაქვს ოჯახების გაძლიერების და ბავშვთა დაცვის სფეროში. თუმცა ბავშვის საჭიროებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი მომსახურებების შექმნა, პროგრამების განვითარება და ხელმისაწვდომობა, სოციალური მუშაკებისა და ბავშვთან მომუშავე სხვა პროფესიონალების გაძლიერება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, კადრების სათანადო ოდენობის უზრუნველყოფა.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ბავშვს უსურვებს კეთილგანწყობილ, უსაფრთხო და განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს, მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახს, ძლიერ და მხარდამჭერ პროფესიონალებს!