სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს მსოფლიოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღიარებულია, რომ სიღარიბე მხოლოდ დაბალშემოსავლიანი ადამიანების პრობლემა არ არის და ის მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთანაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2021 წელს სიღარიბის აბსოლუტური ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 17.5 პროცენტია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ვკითხულობთ, რომ „კვლავ მზარდია ბავშვთა სიღარიბის რაოდენობრივი მაჩვენებელი. წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი არასრუწლოვანი მაინც ცხოვრობს. პროგარამაში ჩართული არასრულწლოვნების რაოდენობამ კი 235 252 შეადგინა.“

სიღარიბის მაჩვენებლის ზრდაზე საუბარია გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“-შიც, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში გაზრდილია არა მხოლოდ ზოგადი, არამედ აბსოლუტური სიღარიბის დონე.  სიღარიბის დონის ზრდა ქვეყანაში კი პირდაპირაა დაკავშირებული უმუშევრობისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლის ზრდასთან, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ამცირებს მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებლებს.

2015 წელს მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები მდგრადი განვითარების სამიტზე შეთანხმდნენ მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ, განსაზღვრავენ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 15 წლის განმავლობაში. მდგრადი განვითარების მიზნებიდან პირველი სწორედ სიღარიბის აღმოფხვრაა.

მდგრადი განვითარების პირველი და უმთავრესი მიზნის მისაღწევად, სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომაც, უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ადამიანისთვის შეიქმნას და ხელმისაწვდომი იყოს შესაფერისი სოციალური დაცვის სისტემები და ზომები, ასევე ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებსა და ოჯახებს, თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი საბაზისო მომსახურებებსა და ეკონომიკურ რესურსებზე.

სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა “ DIGNITY FOR ALL IN PRACTICE: The commitments we make together for social justice, peace, and the planet” და დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებაზე მუშაობას შესაბამისი პოლიტიკის გატარებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების განათლებით, დასაქმებითა და აქტიური ჩართულობით პროცესებში.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება სიღარიბის აღმოფხვრის  საერთაშორისო დღის აღნიშვნას და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რათა მიღწეული იყოს მდგრადი განვითარების მიზანი - შემცირდეს და აღმოიფხვრას სიღარიბე, რაც თავის მხრივ შეამცირებს სოციალურ უსამართლობასა და უთანასწორობას ქვეყანაში. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ უზრუნველყოს:

  • პრევენციული ღონისძიებების გატარება სიღარიბის დასაძლევად
  • მუნიციპალური სოციალური მუშაობის განვითარება
  • უმუშევრობის დასაძლევად დასაქმების ქმედითი და ეფექტიანი პოლიტიკის  გაუმჯობესება სახელმწიფო დონეზე
  • არამატერიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების რიცხვის ზრდა და გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამების რიცხოვნობის ზრდა და გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე
  • განათლების ხარისხის გაუმჯობესება ქვეყანაში.