შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

1 დეკემბერს, ყოველწლიურად, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანს წარმოადგენს შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ იდეა, პირველად 1988 წლის შიდსის პრევენციის სამიტზე გაჩნდა, რის შედეგადაც საერთაშორისო დონეზე გავრცელდა. დღესდღეობით, მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა გაერთიანდეს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ და გამოხატოს მხარდაჭერა ინფიცირებული ადამიანების მიმართ.

შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია, რა დროსაც ზიანდება ადამიანის იმუნური სისტემა. შედეგად ადამიანს მარტივად უჩნდება სხვადასხა სახის ინფექციური დაავადება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 2022 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია 9651 შემთხვევა, აქედან 7206 არის მამაკაცი, 2445 კი ქალი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აივ ინფექციის/შიდსის შემთხვევათა რაოდენობა შეადგენს 9162 ადამიანს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის ივნისიდან დაიწყო ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის უმთავრესი მიზანია შიდსის პანდემიის დასრულება 2030 წლამდე.

საქართველოს მთავრობის დადგენილების N660 თანახმად, დამტკიცდა 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია აივ-ინფექციის/შიდსის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენა, გავრცელების შეფერხება, ასევე მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გასული წლის, მთავარი დევიზი იყო, “დაასრულეთ უთანასწორობა - დაასრულეთ შიდსი.” აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს უთანასწორობაზე, რომელიც ვლინდება მომსახურებების ხელმისაწვდომობის კუთხით.

აივ ინფექცია/შიდსის სფეროში როგორც მიკრო, ასევე მეზო დონეზე მომუშავე სოციალური მუშაკი ასრულებს განმანათლებლის როლს, რა დროსაც სოციალური მუშაკი ინდივიდს უწევს შემდეგი სახის დახმარებას.

● მუშაობს აივ ინფიცირებულ პირებთან და აწვდის მათ მხარდამჭერ მომსახურებებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე თვითდახმარების ჯგუფების მეშვეობით

● ორიენტირებულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე აივ დადებით პირთა უფლებებთან დაკავშირებით, რათა შემცირდეს დისკრიმინაციის მაჩვენებელი

● საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდს ამისამართებს ადგილობრივ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: თვითდახმარების ცენტრები, მობილური კლინიკები, თავშესაფარი, ჰოსპისი.

● ახორიციელებს ლობირებას მთავრობასთან, რათა აივ დადებით ადამიანებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის შესაბამის მომსახურებებზე.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება შიდსთაბ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მნიშვნელოვნად მიაჩნია შიდსის პრევენციის მიზნით გატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები:

➢ საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხო სქესობრივი კავშირის შესახებ

➢ საზოგადოების ინფორმირება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტირებასა და მკურნალობაზე

➢ საზოგადოების ინფორმირება ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გავლენებზე

➢ დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენციისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება

➢ საყოველთაო დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მოსწავლეთა ინფორმირებულობას ყველა საჭირო საკითხზე.

სტატია მომზადებულია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პრაქტიკანტის, თსუ-ს სოციალური მუშაობის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის - მელანო ქარელიძის მიერ.